საზოგადოება
26.06.2024 14:09
„ნუ დატოვებ კოცონს უყურადღებოდ“ - ზაფხულის სეზონზე ხანძრის რისკებთან დაკავშირებით, კონტროლი მკაცრდება

ზაფხულში, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკურებით იზრდება ხანძრის რისკები. ამიტომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს.

უწყებამ კამპანია - „ნუ დატოვებ კოცონს უყურადღებოდ“ - წელსაც წამოიწყო და ქვეყნის მასშტაბით, ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ანთავსებს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც, შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

„სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში, დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში. ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარ მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას. მოსახლეობას მოვუწოდებთ, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება“, - აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება ტყეში უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დაწესებულ სანქციებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად - გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500-ლარამდე.

ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.

 

კვირის ამბები