სპორტი
25.06.2024 12:17
საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, გორში გარბენი გაიმართა

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, გორში გარბენი ჩატარდა.

სპორტული აქტივობა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, „შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში გაიმართა.

გარბენში ოლიმპიურ ჩემპიონ-პრიზიორებთან ერთად, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, მოქალაქეები, საქართვლოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ბაკურიანი 2025-ის და საქართველოში საფრანგენთის საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მასობრივ ოლიმპიურ გარბენში ქალთა და კაცთა კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან  შესაბამისი პრიზები გადაეცათ. ქალთა და კაცთა შორის გამარჯვებული პირველი სამეული შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების სახელით, ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა. გარდა ამისა, გარბენის ყველა მონაწილეს მაისური და სერტიფიკატი გადაეცა.

ღონისძიებაზე დაბადებიდან 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ოლიმპიური ჩემპიონი ვახტანგ ბლაგიძე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური დიპლომით და ფულადი პრემიით დაჯილდოვდა. ჯილდო ოლიმპიურ ჩემპიონს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გადასცა.

აქტივობა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, სეოკ-ის შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის (სეოკ-ის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი. პარტნიორი ორგანიზაციები: კომპანია „ავერსი" და „თელიანი ველი") და რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

„საქართველოში 1994 წლიდან ტრადიციულად იმართება საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. წელს, მასობრივი ოლიმპიური გარბენი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, „შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტშიც ჩატარდა.

„შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ 2022 წლიდან ტარდება და მისი მიზანი რეგიონში სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

კვირის ამბები