საქართველოს მთავრობა ბიომწარმოებლების მხარდაჭერას სპეციალურად შემუშავებული პროგრამის საშუალებით აგრძელებს.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლას, ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენის, ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატების და ბიოფიჭის შეძენის, ასევე, თაფლის და ცვილის წარმოებისთვის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას.
„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბიოწარმოების შედეგად მიღებულ და ბიოსერტიფიცირებულ პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია როგორც ადგილობრივ, ასევე, საექსპორტო ბაზრებზე, სახელმწიფო ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს. თუ ხართ დაინტერესებული ბიომეურნეობით, სახელმწიფო გთავაზობთ არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლისას გაწეული ხარჯის ანაზღაურებას. შევსებული განაცხადის ფორმა, წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა გამოაგზავნოთ სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე document@rda.gov.ge. ასევე, შესაძლებელია წარუდგინოთ ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომელს ან/და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის შესაბამისი რეგიონული სამსახურის თანამშრომელს მატერიალური სახით“, - აცხადებენ სააგენტოში.
პროექტი ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში ხორციელდება.