მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვეპროგრამა“, რომლის თანახმადაც, მოსწავლე, რომლის აკადემიური მოსწრება საშუალო საფეხურზე დამრგვალების გარეშე 10 ქულაა, ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს დაიმსახურებს.
უკვე არის თუ არა ცნობილი, სავარაუდოდ, რამდენი მედალოსანია წელს გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში - აღნიშნულის შესახებ, „გორის მაცნე“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ნანა ტერმაკოზაშვილი ესაუბრა.
„წელს გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 240 ოქროს, 35 კი - ვერცხლის მედლის კანდიდატი კურსდამთავრებული გვყავს, თუმცა, ეს მონაცემები კიდევ ზუსტდება და შესაძლოა, კიდევ დაკორექტირდეს. საბოლოო პასუხი ივლისის შუა რიცხვებისთვის გვეცოდინება “, - აღნიშნა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წელს გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი 55 საშუალო და 5 კერძო სკოლის ზოგადსაგანმანათლებლო საფეხური, 1 254-მა მეთორმეტეკლასელმა დაასრულა.