1-ელი ივლისიდან, ლამინირებული პირადობის მქონე მოქალაქეები მატარებლით გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ, - მოსალოდნელი შეზღუდვის შესახებ მგზავრებს „საქართველოს რკინიგზა“ აფრთხილებს.
„ძვირფასო მგზავრებო, გაითვალისწინეთ, 1-ელი ივლისიდან არაელექტრონული, ლამინირებული პირადობის მოწმობებით, მატარებლით მგზავრობას ვეღარ შეძლებთ. გამგზავრების წინ, ბილეთის მისაღებად ელექტრონული პირადობის მოწმობები, ე.წ. ID ბარათები უნდა წარადგინოთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ლამინირებული პირადობების მოქმედების ვადის ამოწურვამდე 7 დღეა დარჩენილი - არაელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობები იურიდიულ ძალას 1-ელ ივლისს დაკარგავს.
ამ ეტაპზე, ძველი დოკუმენტების ელექტრონული (ID) მოწმობებით უსასყიდლოდ ჩანაცვლების აქცია მიმდინარეობს.