საზოგადოება
21.06.2024 14:20
წვევამდელი, რომელსაც სამხედრო კომისიის გავლისას სიმსივნური წარმონაქმნი აღმოაჩნდა, ჰოსპიტალში ჩატარებული ოპერაციის შედეგად სრულად გამოჯანმრთელდა

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში უახლესი თაობის აპარატურით, თანამედროვე მიდგომით, დიდი ზომის სიმსივნური წარმონაქმნის თორაკოსკოპიული წესით ჩატარებული ქირურგიული მკურნალობა 22 წლის პაციენტის სრული გამოჯანმრთელებით დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ჰოსპიტალი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული კისტის პრევენციული ამოკვეთა უახლესი თაობის, მაღალი სიზუსტითა და ვიზუალიზაციით გამორჩეული ენდოსკოპიური სადგურის - Olympus 4K-ის საშუალებით, თანამედროვე მცირეინვაზიური მიდგომით, ჰოსპიტალში პირველად, თორაკოსკოპიული წესით შესრულდა.

„გულმკერდში, ტრახეასთან და გულის მაგისტრალურ სისხლძარღვებთან ახლოს მდებარე 10 სმ. ზომის წარმონაქმნი წვევამდელს მუდმივმოქმედ სამედიცინო-საექსპერტო კომისიაზე გეგმური სამედიცინო შემოწმების დროს დაუდგინდა. დამატებითი მაღალტექნოლოგიური კვლევებით დადასტურდა ბრონქოგენული კისტა - იშვიათი თანდაყოლილი დაავადება, რომელიც ხშირად რთულდება ინფექციებით, რა დროსაც რთული სამართავი ხდება.

მინიმალური ტრავმატიზაციით ჩატარებული ოპერაცია პაციენტის სრული გამოჯანმრთელებით დასრულდა.

ოპერაცია ჩაატარეს: სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ქირურგმა გია ჯავახიშვილმა და ქირურგმა (ზოგადი და ენდოსკოპიური ქირურგი) ბაკურ არაბულმა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვირის ამბები