საზოგადოება
21.06.2024 12:47
ბიისში საზაფხულო ბანაკი გაიხსნება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიისში „საზაფხულო ტურისტულ - გამაჯანსაღებელი ბანაკი 2024“ იხსნება, სადაც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 420 ახალგაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური ხელშეწყობით დაისვენებს.

ბანაკში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია კი უკვე დაიწყო და 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, წელს ტანას ხეობა 14-18 წლის ახალგაზრდებს უმასპინძლებს.

„პროექტის ფარგლებში ბიისში ახალგაზრდების 6 ნაკადი (თითოეულ ნაკადზე 70 ბავშვი) გაემგზავრება. ისინი ბანაკში 5 დღეს დარჩებიან. პროექტის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას ისწავლიან. იგეგმება, ასევე ლაშქრობების, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობაც“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

პროექტი ასოციაცია „ტონთიოს“ ორგანიზებით ხორციელდება. ბანაკში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მითითებულ ბმულზე.

 

კვირის ამბები