23-29 ივნისს, ,,საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის” ორგანიზებით, პირველად ტარდება ტიაბეტური ბანაკი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში, სასტუმრო ,,სოლო გრანდ ბოშურში” მოეწყობა.
დიაბეტურ ბანაკში მონაწილეობას მიიღებენ ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტის მქონე ბავშვები და მათი მშობლები საქართველოს სხვადახვა რეგიონიდან.
,,საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის” ინფორმაციით, ბანაკი დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს სთავაზობს შესაძლებლობას, ისარგებლონ ტრადიციული ბანაკის გამოცდილებით და ამავე დროს, მიიღონ სპეციალიზებული ზრუნვა და განათლება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ სოციალიზაციასა და დაეხმარებათ ჯანმრთელობის მდგომარეობის უკეთ მართვაში.
,,წლევანდელი ბანაკი უმასპინძლებს 10-15 წლის ასაკის 20 ბავშვს და მათ მშობელს/მეურვეს. ბანაკის მიმდინარეობის დროს, მონაწილეებს შეეძლებათ, გაეცნონ დიაბეტის მართვას, დამეგობრდნენ და ჩაერთონ სახალისო აქტივობებში. ბანაკში ჩატარდება მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის სპორტული თამაშები, ხელოვნების გაკვეთილები, ლაშქრობები და საგანმანათლებლო სესიები, რომლებიც მორგებული იქნება დიაბეტის მქონე ბავშვთა საჭიროებებზე.
გვჯერა, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს მონაწილეობა მიიღოს საზაფხულო ბანაკში. ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების საჭიროებათა დაკმაყოფილებაზე. ჩვენი დიაბეტის ბანაკი არა მხოლოდ უზრუნველყოფს სახალისო და მიმზიდველ გარემოს, არამედ ხელს შეუწყობს ბავშვების ცოდნითა და უნარებით აღჭურვას, რაც მათ ესაჭიროებათ დიაბეტის ეფექტურად სამართვად”, - აღნიშნავენ ბანაკის ორგანიზატორები.
ინფორმაციისთვის, ბანაკი იმართება პროექტის - ,,დიაბეტზე ზრუნვა 360: ბანაკები, ციფრული პლატფორმა და საგანმანათლებლო ცენტრები მოზარდი თაობის კეთილდღეობისთვის” ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ,,საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი”, დიაბეტის მსოფლიო ფონდის (World Diabates Foundation) მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დიაბეტური ბანაკების მოწყობა, ციფრული პლატფორმის შემუშავება და დიაბეტური საგანმანათლებლო ცენტრების დაფუძნება საქართველოს ყველა რეგიონში.
გორის მუნიციპალიტეტში პროექტის მხარდამჭერია გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.