საზოგადოება
20.06.2024 13:26
პარამედიკოსთა მომზადების უფასო კურსზე მიღება იწყება - პროგრამაში ჩართული პირები 3 წლის ვადით დასაქმდებიან

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, „სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმამდელი, პრეჰოსპიტალური, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სპეციალისტი - „პარამედიკოსის სპეციალიზაციის კურსი“ იწყება.

უწყების ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც უკვე დამთავრებული აქვს სამედიცინო უნივერსიტეტი (ფაკულტეტები: მედიცინის, სამკურნალო, პედიატრია). სასწავლო კურსი 4-თვიანია და თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს.

პარამედიკოსები გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის მომზადების სპეციალური კურსის წარმატებით გავლის შემდეგ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფილიალებში მინიმუმ 3 წლის ვადით დასაქმდებიან.

პარამედიკოსის კურსზე რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტებია:

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა № IV-100/ა); ავტომანქანის მართვის მოწმობის ასლი (სწავლის დაწყების დროს სავალდებულო არ არის); საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების სამკურნალო/მედიცინის ფაკულტეტის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი; პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; რეზუმე - CV; 2 ფოტო სურათი (3/4ფორმატი); ცნობა ნასამართლეობის შესახებ; სარეკომენდაციო წერილი; ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ ან შრომის წიგნაკი.

დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ მისამართზე: თბილისი, ე. მინდელის N7.

კვირის ამბები