საზოგადოება
20.06.2024 11:37
ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ.

ცნობისთვის, ბარათზე მოცემულია ინფორმაცია საგამოცდო ცენტრის მისამართის, თითოეული გამოცდის თარიღის, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დროისა და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესახებ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.

ბარათის ამობეჭდვა შესაძლებელია ვებ.გვერდიდან - online. naec. ge აპლიკანტი საიტზე გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება.

კვირის ამბები