სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება გრძელდება.
სახელმწიფო პროექტი ითვალისწინებს მხოლოდ მოსავლის ამღები, როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას.
რაც შეეხება პროგრამით სარგებლობის პირობებს, ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე, ან საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.
პროგრამის ბენეფიციარს, ასევე, არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ და რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.
„დაინტერესებული პირები განაცხადების შემოტანას და დეტალური ინფორმაციის გაცნობას შეძლებენ სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე: my. rda. gov. ge. „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში დასარეგისტრირებლად კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურს უნდა დაუკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე 1501“, - აცხადებენ სააგენტოში.