საზოგადოება
17.06.2024 14:00
1-ელი ივლისიდან, საჯარო სკოლებში დასაქმებული 52 ათასი მასწავლებლის შრომის ანაზღაურება იზრდება

საჯარო სკოლაში დასაქმებული 52 ათასი მასწავლებლიდან 37 ათასს შრომის ანაზღაურება სულ მცირე 500 ლარი გაეზრდება, ხოლო ყველა მასწავლებელს, სულ მცირე 250 ლარით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შემდეგი 4 წლის განმავლობაში, როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების ყველა სფერო იქნება მთავრობის რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი.

„როგორც მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ შარშან დაანონსდა, რომ ამ წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სქემა და საშუალო ზრდა იქნება 500 ლარი. საჯარო სკოლებში სულ არის 52 ათასი მასწავლებელი, აქედან 37 ათას მასწავლებელს, რაც არის მთლიანად მასწავლებელთა კონტინგენტის 70%, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება გაეზრდება 800 ლარით და მეტით. დაახლოებით 25%-ს ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 300 ლარით, ყველა პედაგოგს გაეზრდება სულ მცირე 250 ლარით. ეს არის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ზოგადი განათლების სისტემაზე, განათლების ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს არის ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას განათლების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით და გაგრძელდება რეფორმების განხორციელება.

შემდეგი 4 წლის განმავლობაში როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების ყველა სფერო იქნება ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა.

კვირის ამბები