14.06.2024 14:30
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ახალწვეულებმა ფიცი შინდისის გმირების მემორიალთან დადეს

,,მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა, სამხედრო სამსახურში, ვფიცავ, ღირსეულად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე”, - ეს ფიცი შინდისის გმირების მემორიალთან დღეს 250-მა ახალწვეულმა დადო.   სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ახალწვეულებმა, სამსახურის მოსამსახურის ფიცი, ტრადიციულად, გორის მუნიციპალიტეტში, შინდისის გმირების მემორიალთან დადეს.

ფიცის დადების ცერემონიას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძე, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, შიდა ქართლის გუბერნატორი, გორის მუნიციპალიტეტის მერი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა, სამხედრო სამსახურში, ვფიცავ, ღირსეულად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე, ვფიცავ, კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები, ვფიცავ, მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველი, ვფიცავ, შევინახო მონდობილი სამხედრო საიდუმლოება, შევასრულო სამხედრო წესდების ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება, ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისათვის, თუ ამ ფიცს გავტეხ, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე“.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 23 ივნისის N124 განკარგულებით, საქართველოს უშიშროების სამსახურის სამთავრობო დაცვის სამმართველოს ბაზაზე შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახური.

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 13 ნოემბრის განკარგულებით, საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურს ნება დაერთო, ყოველწლიურად 100 წვევამდელი გაეწვია.

1996 წლის 20 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“, რის შედეგადაც სამთავრობო დაცვის სამსახურს ეწოდა ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური“.

 

კვირის ამბები