14 ივნისი სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღეა. თარიღი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2005 წელს დააარსა და წელს მეცხრამეტედ აღინიშნება.
სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლის და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე; უანგარო, რეგულარული დონორების კრიტიკულად მნიშვნელოვან როლზე ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში და უანგარო რეგულარული დონორების მიმართ მადლიერების გამოხატვა.
ამ დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მთავრობებს და ჯანდაცვის უწყებებს გამოყონ შესაბამისი რესურსები იმისთვის, რომ სისხლის მარაგები შეივსოს უანგარო, რეგულარული დონაციების მეშვეობით, სისხლის პროდუქტები მუდმივად იყოს ხელმისაწვდომი.
„უსაფრთხო სისხლზე ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ პრობლემაა მსოფლიოში. გლობალურად, დონორული სისხლის 40% მაღალი შემოსავლების ქვეყნებზე მოდის, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 16% ცხოვრობს. დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების უმრავლესობა ქვეყანაში უსაფრთხო სისხლის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად იბრძვის, რადგან სისხლის დონაციების რაოდენობა საგრძნობლად დაბალია. სისხლის პროდუქტებზე დროული ხელმისაწვდომობის არქონა შესაძლებელია ფატალურად დასრულდეს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სისხლის უანაგრო, რეგულარული დონაციის მნიშვნელობის ხაზგასმა და პრიორიტეტიზაცია“, - აცხადებენ მედიკოსები.
უანგარო დონორის მსოფლიო დღე, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური კამპანიების ნაწილია.