გორის ეთნოგრაფიული გუნდი „რიხი“ აღდგენილი ქართლური სიმღერების კონცერტებს გამართავს.
პირველი ღონისძიება საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ზემო ნიქოზში გაიმართება.
კონცერტი კვირას, 16 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყება და საჯარო სკოლის ეზოში ჩატარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ნიქოზის გარდა, აღდგენილი ქართლური სიმღერების კონცერტი კიდევ ოთხ სოფელში - მერეთში, მეჯვრისხევში, ერგნეთში და შინდისში გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში, ანსამბლის წევრები ადგილობრივებს ქართლური სიმღერის მასტერკლასსაც ჩაუტარებენ და მათივე აღდგენილ საფერხულო სიმღერებს შეასწავლიან.
„გორის ეთნოგრაფიული გუნდი „რიხი“ 2019 წლიდან აქტიურად აცოცხლებს ქართლური სიმღერის ნიმუშებს და სხვადასვა ქვეყანაში გამართული კონცერტებით მათ პოპულარიზაციას ეწევა. ანსამბლმა ვარშავის მსოფლიო მრავალხმიანობის ფესტივალშიც მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ „რიხი“ 2022 წელს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის „ეროვნულ ფესტივალშიც“ მონაწილეობდა და ლაურიატის წოდებაც მოიპოვა“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
პროექტი, რომლის მიზანი მივიწყებული ქართლური ხალხური სიმღერების გაცოცლებაა, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება.