საზოგადოება
12.06.2024 16:34
დღეს ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება

12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა.

საქართველოში ბავშვის შრომით უფლებებს ქვეყნის უმთავრესი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია იცავს. ბავშვის შრომის უფლებებს, ასევე, ბავშვის უფლებათა კოდექსი და შრომის კოდექსი არეგულირებს.

საქართველოში ბავშვების შრომის უფლებებს შრომის ინსპექციის სამსახური აკონტროლებს და როგორც უწყებაში აცხადებენ, 14 წლამდე ასაკის ბავშვები მხოლოდ ისეთ სფეროში შეიძლება საქმიანობდნენ, რომელიც სპორტთან, ხელოვნებასთან, კულტურასთან ან სარეკლამო საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ეს საქმიანობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აყენებდეს ბავშვს ზიანს.

„14-დან 16 წლამდე ბავშვები არ უნდა მუშაობდნენ დღეში 4 საათზე, ხოლო კვირაში, ჯამში, 24 საათზე მეტს; 16-დან 18 წლამდე ბავშვები არ უნდა მუშაობდნენ დღეში 6 საათზე, ხოლო კვირაში, ჯამში, 36 საათზე მეტს, ხოლო თუ ბავშვი მუშაობს, სამუშაო დრო არ უნდა ემთხვეოდეს გაკვეთილების პერიოდს“, - აცხადებენ უწყებაში.

მსოფლიოში მიჩნეულია, რომ ბავშვთა შრომა აზიანებს ბავშვს, საფრთხეს უქმნის მის კეთილდღეობას, განვითარებას, მომავალს.

Unicef-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოში 91 მილიონი შრომაში ჩაბმული ბავშვი 11 წლისაც არ არის, 115 მილიონი ბავშვი სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებში მუშაობს, 1.2 მილიონი მშრომელი ბავშვი კი ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლია.

კვირის ამბები