საზოგადოება
12.06.2024 12:39
გორელი ახალგაზრდები გუდამაყარში ფორკლორულ ფესტივალს გამართავენ

გორის მუნიციპალიტეტის მერია, 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდების ჩართულობით, გუდამაყარში ფორკლორულ ფესტივალს გამართავს.

პროექტის - „აღმოაჩინე არაგვის ხეობა“ ფარგლებში, მოზარდები 4 დღის განმავლობაში მოინახულებენ გუდამაყრის სოფლებს, გაეცნობიან ჩოხის ხეობას, ადგილობრივ ფოლკლორს, თქმულებებს, ლეგენდებს, წეს-ჩვეულებებს, სამზარეულოს და ადგილობრივების ყოფა-ცხოვრებას. გააკეტებენ, ასევე, ჩანახატებს და ფოტოებს გადაიღებენ. ექსპედიციის ბოლოს კი, გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმს ეწვევიან და საკუთარი ნამუშევრების გამოფენას მოაწყობენ.

„პროექტში მონაწილეობის მსურველ მოზარდებს სასურველია ჰქონდეთ საველე პირობებში ცხოვრების გამოცდილება და ფლობდნენ შემოქმედებით უნარებს (ცეკვა, სიმღერა).

აღნიშნულ პერიოდში მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან საკვებით და საჭირო ინვენტარით - კარვებით, პარალონებით და საძილე ტომრებით“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტი „გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება და ასოციაცია „ტონთიოსთან“ თანამშრომლობით დაიგეგმა.

ახალგაზრდები, რომლებსაც არაგვის ხეობის გაცნობა და ფესტივალში მონაწილეობა სურთ, უნდა დარეგისტრირდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მითითებულ ბმულზე.

კვირის ამბები