საზოგადოება
11.06.2024 14:47
რა რისკებს ქმნის სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის მზის და წვიმის მონაცვლეობა

ჩვენს მუნიციპალიტეტში ამჟამად არსებული ამინდები - მონაცვლეობით მზე და წვიმა, მოსავლისთვის გარკვეულ რისკებს ქმნის, - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა მამუკა ლომსაძემ განაცხადა.

როგორც ლომსაძემ აღნიშნა, ამინდის ინტენსიური ცვლილება ყველაზე მეტად საფრთხეს უქმნის ვაშლს, ვაზს, ნაწილობრივ ქლიავს და მარცვლეულ კულტურებს.

„ბუნებრივია, ამინდის ხშირი ცვლილება, რომელსაც ამჟამად აქვს ადგილი - მზის და ნალექის ხშირი მონაცვლეობა გარკვეულ რისკებს ქმნის სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის. პირველ რიგში ყურადღებას გავამახვილებ ვაშლზე. მზის და წვიმის მონაცვლეობა იწვევს სოკოვან დაავადებებს, ამასთან, ხშირად ჩნდება ქეცი. რაც შეეხება ვაზს, ყურძენს უჩნდება ჭრაქი და ნაცარი. მარცვლოვან კულტურებს უჩნდება ნაცარი და ჟანგა. მცენარის ეს დაავადებები ძირითადად თავს იჩენს ნესტიან თბილ ამინდებში. მაგალითად თუ იქნება მაღალი ტემპერატურა მაგრამ ნალექის გარეშე, ამ შემთხვევაში სოკოვანი დაავადებების ალბათობა ნაკლებია“, - აღნიშნა მამუკა ლომსაძემ.

 

კვირის ამბები