საზოგადოება
11.03.2020 13:03
გორის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 16-დან 23-მდე გაიზარდა - განაცხადა GMnews-თან საუბრისას გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარი გიუნაშვილმა.

გიუნაშვილის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეები გააქტიურდნენ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს რისკის შემცველი ქვეყნებიდან დაბრუნებული ნაცნობების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.  

„ამ დროისთვის, კვლავ შემიძლია გითხრათ, რომ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. ჯერჯერობით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოქალაქეები საკმაოდ გააქტიურდნენ და თავადვე გვიკავშირდებიან, გვაწვდიან ინფორმაციას იმ ნაცნობების შესახებ, რომლებიც იმყოფებოდნენ რისკის შემცველ ქვეყნებში და დაბრუნდნენ ბოლო პერიოდში. ამ დროის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 პირი. აქედან, 20 მათგანი ქალაქის მაცხოვრებელია, 3 კი - სხვადასხვა სოფლის. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა უმრავლესობა საკმაოდ მაღალი შეგნებით ეკიდება შექმნილ ვითარებას და უფრო მეტიც - რამდენიმე მათგანმა სურვილიც გამოთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზადაა, საკარანტინო სივრცეში მოთავსდეს, თუმცა, გვქონდა ისეთი შემთხვევაც, როდესაც რისკის შემცველი ქვეყნიდან დაბრუნებულმა პირმა არ მოგვმართა და მისმა მეზობელმა აცნობა ამის შესახებ პოლიციას, პოლიციამ კი, შესაბამისად, ჩვენ ჩაგვაყენა საქმის კურსში და მივიღეთ შესაბამისი ღონისძიებები. ამჟამად, აღნიშნული პირიც იმყოფება თვითიზოლაციაში და რეკომენდაცია აქვს მიცემული, რომ არ დაარღვიოს თვითიზოლაციის რეჟიმი“, - აღნიშნა მარი გიუნაშვილმა.

კვირის ამბები