სპორტი
05.10.2019 23:44
4:0 - ,,დილამ“ ზედიზედ მესამედ მოიგო

დღეს,  ბოლნისში, გორის ,,დილამ“ ადგილობრივ ,,სიონთან“ გამართულ შეხვედრაში 4:0 მოიგო და ამით ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა ეროვნულ ლიგაში, რითაც საბოლოოდ დააღწია თავი სახიფათო ზონას.

ვინაიდან ორივე გუნდს ძალიან სჭირდებოდა ქულები, ბოლნისული მატჩი დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი ამ თვალსაზრისით ლოგიკურად, ანუ დაძაბულობიდან გამომდინარე უგოლოდ  დასრულდა, მაგრამ მეორე ტაიმში გორელებმა შეძლეს სათამაშო უპირატესობის მოპოვება და რაც მთავარია -  მისი გოლებში ასახვა.

პირველად ,,სიონის“ კარი 47–ე წუთზე ალვინ ფორტესის პასით გიორგი კუციამ დალაშქრა, მანვე 17 წუთში, კიდევ ერთი ზუსტი დარტყმა განახორციელა და მეორედ გაუტანა მასპინძლებს 0:2.

დარჩენილ დროში უკვე ალვინ ფორტესმა დაარბია ბოლნისელები. პირველი გოლისას განხორციელებულ საგოლე პასს დარჩენილ დროში მან ორი გოლიც მიუმატა, მათ შორის 1 პენალტით და ერთიც საკმაოდ ეფექტური, შორეული დარტყმით, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა -  4:0 ,,დილას“ სასარგებლოდ.

ამ გამარჯვებით ,,დილამ“ 37 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციამდე გადაინაცვლა, თუმცა, მეექვსე ადგილზე მყოფ ,,ლოკომოტივს“ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ეს გუნდი დღეს თბილისში ,,ტორპედოს“ ეთამაშება.

 

(ფოტოზე: ორი გოლის და ერთი საგოლე პასის ავტორი, გორის ,,დილას" ლეგიონერი ალვინ ფორტესი)

კვირის ამბები