გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, დოკუმენტაცია შემუშავდა სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს და შპს „არტსტუდიო-პროექტს“ შორის 2023 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №153-2023 ხელშეკრულების საფუძველზე და დაგეგმვის მიზანია, დასახლებების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება.
„სააჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია ელექტრონული და მატერიალური სახით.
განხილვაზე დასწრება, მონაწილეობის, ასევე, შენიშვნების და მოსაზრების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს“, - ნათქვამია მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე (GORI. GOV. GE) განთავსებულ ინფორმაციაში.
შეხვედრა ქვემო ბოშურში (სასტუმრო „სოლო გრანდი“) 12 ივნისს 13:00 საათზეა დაგეგმილი.