საზოგადოება
10.06.2024 11:12
შინდისის გმირების გამზირზე ბულვარის, დასასვენებელი და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოებს გორის მერი გაეცნო

გორში, შინდისის გმირების გამზირზე ბულვარის, დასასვენებელი და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, 6 790 კვადრატულ მეტრზე საბავშვო და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები განთავსდება, მოეწყობა ცალფარიანი კალათბურთის მინიმოედნები, ტრენაჟორები, ფანჩატურები, გაკეთდება დეკორატიული ღობე, გაზონი, დამონტაჟდება გარეგანათება, სარწყავი სისტემა, წყლის სოკოები, სკამები, ურნები.

სამუშაოების მიმდინარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო.

გორის მერის თქმით, მშვიდობის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური პროექტის განხორციელებისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება ქალაქის კეთილმოწყობისთვის და მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად. ქალაქში მიმდინარე, ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი მოიცავს როგორც არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაციას, ასევე, ბულვარის კეთილმოწყობას“, - აღნიშნა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

ცნობისთვის, შინდისის გმირების გამზირზე ბულვარის, დასასვენებელი და სპორტული სივრცეების მოეწყობის სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

კვირის ამბები