გორის ხელოვნების სახლი გამოფენას სახელწოდებით - „I HAVE SEEN THE MOON THROUGH THE MUD THAT WASHED ME“ უმასპინძლებს.
ღონისძიება 9 ივნისს 18:00 საათზე გაიხსნება და დასწრება თავისუფალია.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა ოთხი არტისტისგან - მარიკო ჭანტურია, ნინო გოდერიძი, ლაშა ყაბანაშვილი და დავით აფაქიძე, შემდგარი ჯგუფის კოლაბორაციას წარმოადგენს, რომელთა პრაქტიკა როგორც ვიზუალურ ხელოვნებას, ასევე კურატორულ და კვლევით საქმიანობას ითვალისწინებს.
„ჯგუფური გამოფენის კონცეფცია ვაჟა-ფშაველას შემოქმედებით კერძოდ კი, პოემით - „გველის მჭამელი“ არის ინსპირირებული. არტისტებმა ინდივიდუალურ ნამუშევრებში შემოიტანეს როგორც განსხვავებული პერსპექტივები და ხედვები, ისე საერთო გადაკვეთის წერტილები, რაც კოლაბორაციულ ობიექტებში იქნა გადათარგმნილი. გამოფენის ძირითადი თემა ეკოლოგიაა. შევეხებით ადამიანის სხეულის და გონების ფლუიდურობასაც იდენტობების და ბინარულობის მიღმა, მის ბუნებასთან მიმართებას და ჩაკეტილ კულტურაში წარმოებულ პერვერსიის პრაქტიკებს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
პროექტი “Art House 20 24” „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის” მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.