საზოგადოება
07.06.2024 12:12
„ნამდვილი თუ მოგონილი?!“ - კონკურსი მოსწავლეებისთვის

კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“ მოზარდებში მედიაწიგნიერების - კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზის და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით, კონკურსს აცხადებს.

კონკურსში - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ - მონაწილეობა IX, X და XI კლასის ყველა მოსწავლეს შეუძლია.

კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიას, ან ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული როგორც ყალბი და ამასთან ერთად, დაადგინონ რეალური ფაქტები.

დავალების წარსადგენად მოსწავლეებს შეუძლიათ შეარჩიონ სასურველი ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული კრეატიული ფორმა. აუცილებელია, ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.

„კონკურსის ბოლოს, მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ყალბი ინფორმაციის და სიმართლის აღმოჩენის გზა მათთვის სასურველი ფორმატით, რასაც კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულებს პრიზები: I ადგილი - MacBook Air 15.3; II ადგილი - iPhone 15 Pro; III ადგილი - iPad 10.9 გადაეცემათ“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოსწავლეთა განაცხადების მიღება 15 ივნისამდეა შესაძლებელი.

კონკურსის წესების და დეტალური ინფორმაციის გაცნობა კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე და მედიაწიგნიერების და კომისიის ფეისბუქ გვერდებზეა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომელიც ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზის, ფაქტების გადამოწმების და მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად, საქართველოს მასშტაბით ცხრაჯერ ჩატარდა.

კვირის ამბები