ჯერჯერობით, კვლავ, გორის მეორე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობას ვასრულებ, - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ გია ბერძნიშვილმა განუცხადა.
რაც შეეხება გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის პოზიციაზე ბერძნიშვილის შესაძლოს დანიშვნას, აღნიშნულის თაობაზე დადასტურებულად მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შედეგების გასაჩივრების ვადები ამოიწურება და განათლების მინისტრი დანიშვნის შესაბამის ბრძანებას მოაწერს ხელს.
ნანა ტერმაკოზაშვილი კი, რომელიც ამ დრომდე რესურცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს, აცხადებს, რომ აღნიშნულ პოზიციაზე ხელახლა დანიშვნაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან უარყოფითი პასუხი მიიღო. იგი რესურსცენტრს 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
როგორც ტერმაკოზაშვილმა „გორის მაცნესთან“ აღნიშნა, ამ ეტაპზე კერძო პედაგოგიური საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს.
გია ბერძნიშვილი გორის მეორე საჯარო სკოლას 18 წელია ხელმძღვანელობს. მთლიანობაში კი, 42-წლიან პედაგოგიურ სტაჟს ითვლის.