საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფორმაციას ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს. ცერცვაძის თქმით, პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში იმ ჯგუფის წევრებთან ერთად შეიყვანეს, რომლებიც 28 თებერვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და რომლებსაც ვირუსი განმეორებითი ტესტის შედეგად გუშინ დაუდასტურდათ. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, 12 წლისაა. გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა მოზარდის ოჯახის 4 წევრსაც. ხუთივე მათგანი იმ 8 ადამიანს შორისაა, რომელთა ტესტმაც ვირუსზე დადებითი პასუხი გუშინ აჩვენა.
საქართველოში გუშინ კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ხუთი ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მათ პირველ ჯერზე ჩატარებული კვლევის შედეგად, კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდათ, განმეორებითმა ტესტმა კი, ვირუსის არსებობა დააფიქსირა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.