შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდებით. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ., ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
,,საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ. დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ. 2024 წელს საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი, ხულო, ამბროლაური.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900 - ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.
თემის აქტუალობიდან გამომდინარე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge, აბიტურიენტებისათვის სისტემატურად ქვეყნდება კონკრეტულ საგანთან დაკავშირებული რეკომენდაციები. რუბრიკა „რჩევები აბიტურიენტებს“ გათვალისწინებულია იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებსაც სურთ დეტალურად გაეცნონ ჩასაბარებელს საგანთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას. რაც შეეხება საგამოცდო პროცესსა და მასთან დაკავშირებულ წესებსა და ინსტრუქციებს, აბიტურიენტებს საშუალება აქვთ გაეცნონ ცნობარში. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.