მომავალი წლის იანვრიდან, 2013 წლამდე გამოშვებული ავტობუსები და სატვირთო მანქანები საქართველოში ვეღარ დარეგისტრირდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ღონისძიება ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის და გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.
„2024 წლიდან ავტომობილებისთვის ამოქმედდა ემისიის ევრო 5 სტანდარტი - ქვეყანაში ვერ რეგისტრირდება მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს. მომავალი წლიდან კი, რეგულაცია გავრცელდება სატვირთო მანქანებსა და ავტობუსებზეც. კერძოდ, 2013 წლამდე გამოშვებული ავტობუსები და სატვირთო მანქანები საქართველოში ვეღარ დარეგისტრირდება.
რაც შეეხება აღნიშნული მიზნით გატარებულ სხვა ზომებს, ავტომობილების ხილული გამონაბოლქვის გზაზე კონტროლი 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში მიმდინარეობს. ყოველწლიურად, ასევე, ფართოვდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელიც. ამ ეტაპისთვის ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 18 სადგური ფუნქციონირებს. 2026 წლამდე კი, სადგურების რაოდენობა 27-მდე გაიზრდება და საქართველოს ექნება სრულად ევროპული სტანდარტების შესაბამისი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.