გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს და საბავშვო ბაღებში მომუშავე პერსონალისთვის გამართული პროფესიული განვითარების ტრენინგების მეორე ციკლი დასრულდა.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ტრენინგების მიზანი გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების თანამშრომლების, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლების და მუნიციპალიტეტის მასშტაბით 15 საბავშვო ბაღის მენეჯერების პროფესიული განვითარებაა.
„მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) აქტიურად აგრძელებს.
აღნიშნული სატრენინგო მოდულები შემუშავებულია უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ. მოდულები მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა და ტრენერები საგანმანათლებლო პერსონალს სააღმზრდელო პროცესშიც გაუწევენ მენტორობას“, - აცხადებენ სააგენტოში.
გადამზადებულ პერსონალს სერტიფიკატები SDSU-ს პროფესორებმა ნენსი ფრაიმ და ჯიმ მარშალმა გადასცეს.
პროექტის ფარგლებში, ჯამში, კვალიფიკაცია 110-მა მსმენელმა აიმაღლა.