გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი გაიხსნა.
საზეიმო ღონისძიებები ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ გაიმართა.
ჩატარდა კონცერტი, რომელშიც გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ. კონცერტის პარალელურად, ტურიზმის თემატიკასთან დაკავშირებით, მოეწყო გამოფენა-გაყიდვაც. აქტივობაში მონაწილეობდნენ საბავშვო ბაგა-ბაღები და სასკოლო ტურისტული, მოგაზურთა და ჯიპ ტურის კლუბები.
ტურისტული სეზონის გახსნის საზეიმო ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„პირველ რიგში, ვულოცავ ყველას ტურიზმის სეზონის გახსნას. მინდა აღვნიშნო, უმაგრესი გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენს რეგიონში მოვიზიდოთ მეტი დამთვალიერებელი და ამისთვის მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის რესურსი რაც შიდა ქართლს გააჩნია. საბედნიეროდ, ჩვენი რეგიონი ერთ-ერთი ისტორიული მხარეა, რომელიც მდიდარია ღირსშესანიშნავი, სანახაობრივი ადგილებით და ბოლომდე შესწავლილი არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ყოველი ახალი ტურისტული ლოკაციის აღმოჩენა გაოცებას იწვევს თითოეულ ჩვენგანში. გვინდა, ჩვენ შვილებს ეს ყველაფერი შემოვუნახოთ მოვლილი და მოწერიგებული“, - აღნიშნა ლევან ხარაბაძემ.
ტურისტული სეზონის გახსნა ტურიზმის სექტორში მომუშავე ადამიანებს და დამსწრე საზოგადოებას გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც მიულოცა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ტურიზმის მიმართულებით აქტიურად ვითარდება რაც სამომავლოდაც გაგრძელდება.
„ყველას გილოცავთ ტურისტული სეზონის გახსნას, განსაკუთრებით კი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტს ტურისტული მიმართულებით უდიდესი პოტენციალი აქვს, გვაქვს მუზეუმები, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. ახლახანს შემოგვემატა დაცული ტერიტორიებიც. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავთ ტურიზმის სფეროს განვითარებაზე“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.