საზოგადოება
31.05.2024 11:33
1-ელი ივლისიდან აფლატოქსინით დაბინძურებული ცხოველის საკვების გამოყენება იკრძალება

1-ელი ივლისიდან ყველა ფერმერი ვალდებულია, დაიცვას ცხოველის საკვების შენახვის და ტრანსპორტირების პირობები, რომ არ მოხდეს საკვების აფლატოქსინით დაბინძურება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

შესაბამისი დადგენილება - „ტექნიკური რეგლამენტი - ცხოველთა საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, აფლატოქსინი ობის სოკოებისგან წარმოიქმნება. დაბინძურებული საკვების მიღებით ხვდება ცხოველის ორგანიზმში და გადადის რძეში, გარდაიქმნება ტოქსინად და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

„ახალი რეგულაციის შესახებ ფერმერთა ინფორმირების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა შეხვედრები უკვე გამართეს შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, გურიის რეგიონებსა და აჭარაში დარგობრივ ასოციაციებთან, რომლებიც ათასობით ფერმერს აერთიანებს. საინფორმაციო შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, აფლატოქსინი გამოვლინდა რძის 9 ნიმუშში, 2023 წელს კი 14 ნიმუშში; აღნიშნულიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა შესაბამისი რეგულაციის დაჩქარებულად მომზადების და ამოქმედების აუცილებლობა“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები