შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ „საქართველოს ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამა 2024-2026“-ის განხილვასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მცხეთაში გამართული სამუშაო შეხვედრის მიზანს რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე, მხარეთა ჩართულობის გაძლიერების გზით, ინოვაციური იდეების გენერირების და პროექტების მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
პროგრამის განხილვას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დიდიძე და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
„შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე მხარეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს „საქართველოს ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამა 2024-2026“-ის შესახებ, რომელიც ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერაა შემუშავებული. საუბარი, ასევე, შეეხო დაფინანსების შესაძლებლობებს, ინტეგრირებული განვითარების პროექტების მაგალითებს, პროგრამის განხორციელების ეტაპებს და სხვა თემატურ საკითხებს“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.