საზოგადოება
30.05.2024 12:08
საგრანტო პროგრამაში დევნილ და ეკომიგრანტ მეწარმეთა განაცხადების მიღება ხვალ დასრულდება

საგრანტო პროგრამაში დევნილ და ეკომიგრანტ მეწარმეთა განაცხადების მიღება ხვალ, 31 მაისს დასრულდება.

როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, სახელმწიფო, საქმიანობის გაფართოების ან გადაიარაღებისთვის საჭირო ტექნიკას და დანადგარებს შეუსყიდის.

„გრანტს, ჯამში, 30-მდე მეწარმე მიიღებს, რომლებსაც მოქმედი ბიზნესი აქვთ და მათი სამეწარმეო საქმიანობა 2024 წლის 1-ელ იანვრამდეა რეგისტრირებული.

ინვენტარის შეძენა 7500 ლარის ფარგლებში იქნება შესაძლებელი, პროგრამის მიზანს კი დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

აღნიშნული პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება და სააგენტოს მიერ დაფინანსებული არაერთი წარმატებული პროექტი არსებობს. მეწარმე დევნილებმა და ეკომიგრანტებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ აღნიშნული შესაძლებლობა, რომ საკუთარი ბიზნესი კიდევ უფრო განავითარონ“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შეეძლებათ შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა; გორი, სამების ქ. N1; რუსთავი, კოსტავას ქ. N20; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

კვირის ამბები