მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, ყოველწლიურად, 30 მაისს გაფანტულ სკლეროზთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს, რომლის მიზანს ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
გაფანტული სკლეროზის სიმბოლოს ნარინჯისფერი ცნობადობის ლენტია და ეს დღე გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო ფედერაციამ (MSIF) პირველად 2009 წელს აღნიშნა.
ამ დღეს საქართველო 2018 წლიდან შეუერთდა საინფორმაციო კამპანიით - „ერთად ერთმანეთისთვის“.
გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღეს ბევრ ქვეყანაში კონფერენციები, საგანმანათლებლო ლექციები და სემინარები იმართება. ექიმებს, დაავადების მკურნალობაში წარმატების მიღწევისთვის, საპატიო დიპლომები, სერტიფიკატები გადაეცემათ. საქველმოქმედო ფონდები კი, აღნიშნული დაავადების მქონე ადამიანებისთვის, თანხებს აგროვებენ.
„თარიღი შესაძლებლობაა, არა მხოლოდ გავიხსენოთ რთული დიაგნოზით მცხოვრები ადამიანები, არამედ ვისაუბროთ დროული დიაგნოსტიკის, რეგულარული გამოკვლევების და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობაზე.
გაფანტული სკლეროზი ნერვული სისტემის ქრონიკული ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც თავს იჩენს ახალგაზრდა ასაკში და დროთა განმავლობაში შეიძლება, მძიმე ინვალიდობა გამოიწვიოს. მხოლოდ ადრეულ დიაგნოზს და დროულად დანიშნულ მკურნალობას შეუძლია პათოლოგიის პროგრესირების შენელება და სტაბილური რემისიის უზრუნველყოფა“, - აცხადებენ მედიკოსები.
დღეისთვის, მსოფლიოში 2.8 მილიონ ადამიანს უწევს ცხოვრება ამ დაავადებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 3000 ადამიანიდან, 1-ს გაფანტული სკლეროზი აქვს.