შესაძლებელია თუ არა პრეზიდენტის ინიციატივის განხორციელება - რა შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს რეფერენდუმი
28 მაისს, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა, საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გამოსცემს შესაბამის ბრძანებულებას რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე და წარუდგენს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერას, პრეზიდენტის აღნიშნულ ბრძანებულებაზე საჭიროა პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია, თანახელმოწერა.
საქართველოს ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ- ამონარიდი
- რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად.
- რეფერენდუმი ხალხის ძალაუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რაც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით.
- რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
- რეფერენდუმი ეწყობა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით.
- მოქალაქეები რეფერენდუმში მონაწილეობენ უშუალოდ და პირადად. რეფერენდუმის ყოველ მონაწილეს აქვს ერთი ხმა.
- რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით,რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას,გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეფერენდუმი ინიშნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნით.