საზოგადოება
29.05.2024 11:47
მიშო ვანიშვილის სახელობის ფოტოკონკურსი სტუდენტებისთვის - ნამუშევრების მიღება 10 ივლისამდე გაგრძელდება

„ახალგაზრდა ხელოვანები მშვიდობისთვის“ - მიშო ვანიშვილის სახელობის ფოტოკონკურსისთვის ნამუშევრების მიღება დაიწყო და 10 ივლისამდე გაგრძელდება.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონკურში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს და საზღვარგარეთის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული, ბაკალავრიატის და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს/პროფესიულ სტუდენტებს.

„კონკურსში მონაწილეობა უფასოა და კონკურსანტმა საკონკურსო ფოტონამუშევრები უნდა გამოაგზავნოს ელფოსტაზე ir @ gu. edu. ge. სათაურში უნდა მიეთითოს შესაბამისი თემატიკა. საკონკურსო განაცხადი კი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: კონკურსანტის სახელი, გვარი; მოკლე ბიოგრაფია/რეზიუმე; ცნობა უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. დაუშვებელია ფოტოზე ავტორის ვინაობის/ფსევდონიმის/ლოგოტიპის მითითება/ან ჩარჩოთი გაფორმება. ამგვარი ფოტოები უპირობოდ მოიხსნება კონკურსიდან.

კონკურსანტი ვალდებულია იყოს ნამუშევრის ავტორი და გააჩნდეს ამ ფოტოს ორიგინალი“, - ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ჯილდოს და ჟიურის გადაწყვეტილებას, პროექტით გათვალისწინებული ფულადი სტიპენდიებია: I ადგილი - 1500 ლარი; II ადგილი - 1000 ლარი; III ადგილი - 500 ლარი; ხოლო ჟიური ნამუშევრებს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით განიხილავს, კერძოდ, კონკურსის თემა, ტექნიკური შესრულება, კომპოზიცია და ორიგინალურობა. ჟიურის შერჩეული 10 საუკეთესო ფოტო კი, უნივერსიტეტის ხარჯით, მუყაო-ქაფზე დაიბეჭდება და უნივერსიტეტის ჰოლში გამოიფინება.

ცნობისთვის, მიშო ვანიშვილის სახელობის ფოტოკონკურსი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელის“ ფარგლებში ჩატარდება.

მიშო ვანიშვილი, გორელი ფოტოგრაფი და ყველასთვის საყვარელი ახალგაზრდა, 2021 წელს, 30 წლის ასაკში ავტოავარიაში დაიღუპა.

 

კვირის ამბები