საზოგადოება
28.05.2024 19:31
საქართველოს პარლამენტმა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

ვეტოდადებულ პროექტს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად კენჭი ეყარა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ პროექტს, რომლის თანახმადაც, ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მიღებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში უნდა ჰქონოდა ძალა, თუმცა, აღნიშნულ პროექტს 0 მომხრე ჰყავდა, რაც შეეხება მეორე კენჭისყრას, ამჯერად, სესიაზე კენჭისყრაზე დადგა პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და დამტკიცებული კანონპროექტი, რომელსაც 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პროცედურების თანახმად, ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი კვლავ პრეზიდენტს გაეგზავნება ხელმოსაწერად.

იმ შემთხვევაში კი, თუ სალომე ზურაბიშვილი 5 დღის ვადაში ხელს არ მოაწერს, კანონს ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე.

რაც შეეხება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ვალდებულებებს, კანონის ამოქმედებიდან (გამოქვეყნებიდან) 60 დღის ვადაში, იუსტიციის სამინისტრომ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ,,უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრი უნდა შექმნას.

შეგახსენებთ, რეგისტრაცია სავალდებულოა იმ ორგანიზაციებისთვის, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოეთიდან.

კვირის ამბები