მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით ერთ რეისს ამატებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი რეისი 31 მაისს თბილისი - ბათუმის და ბათუმი - თბილისის მიმართულებით შესრულდება.
რაც შეეხება განრიგს, თბილისიდან მატარებელი 06:30 საათზე გავა და მგზავრები ბათუმში 11:38 საათზე ჩავლენ.
ბათუმი - თბილისის მიმართულებით კი რეისი 14:20 საათზე შესრულდება და მატარებელი თბილისში 19:28 საათზე იქნება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე, სალაროებში, პარტნიორი კომპანიების და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.