საზოგადოება
28.05.2024 10:45
,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს

,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

პრეზიდენტის კანონპროექტით, ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მოქმედებს ძალაში შესვლიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში.

საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში მითითებულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებს და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

,,ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური - მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია.

შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და ქართველის ხალხის ნებას წარმოადგენს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში - ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე“, - აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის შენიშვნაში.

ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, მაგრამ დადგენილ ვადაში პრეზიდენტი კანონს ხელს არ მოაწერს, აღნიშნულ კანონს 5 დღის ვადაში ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე.

კვირის ამბები