ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე, 2030 წელს, ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, - ამის შესახებ საქართველოს
მთავრობის ხელმძღვანელმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ საქართველოს
დამოუკიდებლობის დღე მიულოცა იმ წვევამდელებსაც, რომლებმაც 26 მაისს დადეს
სამშობლოს ერთგულების ფიცი.
,,მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს მეუფე შიოს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს, დედაქალაქის მერს, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, ქართულ ჯარს, მივესალმები საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს მთავრობის წევრებს, მივესალმები კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელებს, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელებს, მივესალმები ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელებს, მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მივესალმები მოწვეულ სტუმრებს, მივესალმები ჩვენს ძვირფას თანამემამულეებს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თითოეულ ქართველს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ზეიმობთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ წვევამდელებს, რომლებმაც ამ ღირსშესანიშნავ დღეს დადეთ სამშობლოს ერთგულების ფიცი.
3000 წელია, ქართველები ერთგულად შრომობდნენ, იბრძოდნენ და თავს წირავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. იმპერიათა გზაგასაყარზე, სწორედ ამ ერთგულებამ და თავგანწირვამ შეაძლებინა ჩვენს პატარა, მაგრამ ამაყ ქვეყანას, შეენარჩუნებინა თავისუფლება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ქედს ვიხრი თითოეული გმირის წინაშე, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობას ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირა.
106 წლის წინ, 26 მაისს აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და საფუძველი ჩაეყარა პირველ ქართულ რესპუბლიკას, რომელმაც, მართალია, მხოლოდ,
3 წელიწადი იარსება, მაგრამ დემოკრატიული მმართველობის უძვირფასესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა.
70-წლიანი საბჭოთა მმართველობის დასასრულს, 1990 წელს საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, ხოლო
1991 წელს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მას შემდეგ, საქართველო გადის ერთგვარ მოსეს გზას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, „აღთქმულ მიწამდე"
აუცილებლად მიგვიყვანს.
ჩვენი „აღთქმული მიწა",
ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან
40 წლის თავზე - 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
გასული 34 წლის მანძილზე, საქართველომ მრავალი განსაცდელი გამოიარა. გამოვიარეთ სამი ომი 90-იანი წლების დასაწყისში. 2004-2012 წლებში გამოვიარეთ ფაქტობრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა, ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა და მეოთხე ომი. საზოგადოების გამოუცდელობა და პოლიტიკოსების ღალატი ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების
20 პროცენტის დროებით დაკარგვად დაუჯდა. 2012 წლიდან დღემდე, გამოვიარეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შერყევის არაერთი მცდელობა, განსაკუთრებით ბოლო 4
წლის განმავლობაში.
საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დღეს ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში იყო, ხოლო ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას და მის ეროვნულ ინტერესებს იცავს.
სწორედ ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთიანობამ და გონივრულმა ნაბიჯებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ეგზისტენციური საფრთხეების და მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, გასული 2
წლის განმავლობაში ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა.
საქართველოს უახლესმა ისტორიამ და თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა განსაკუთრებული სიცხადით დაგვანახა, რომ სუვერენიტეტი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე ეფექტიანი გარანტიაა. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოს ეროვნული იდენტობის სამ საყრდენს -
მამულს, ენას და სარწმუნოებას. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავამარცხოთ სიძულვილი, რადგან მტრობით დანგრეულის შენება მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი.
3 ათასწლეულის განმავლობაში, იმპერიათა დაპირისპირების ეპიცენტრში მდებარე ჩვენი პატარა ქვეყანა ქართველებმა სწორედ სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულით გადავარჩინეთ. დიდი იმპერიები ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, რადგან მათი მამოძრავებელი ერთადერთი ძალა ანგარება და სიძულვილი იყო. ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ქვეყანას კი, რომელიც მამულს, ენას და სარწმუნოებას იცავდა და ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის სიყვარულს არ ივიწყებდა, საუკუნეების მანძილზე ღმერთი იფარავდა.
ღმერთის მფარველობით და თითოეული ჩვენგანის შრომითა და ბრძოლით, ჩვენ აუცილებლად ავიხდენთ ქართულ ოცნებას და შევქმნით ერთიან და ძლიერ საქართველოს, რომელიც სუვერენიტეტით, ღირსებით და ფასეულობებით დაიკავებს კუთვნილ ადგილს საერთო ევროპულ ოჯახში.
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ღმერთი იყო ჩვენი ქვეყნის მფარველი“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას
ირაკლი კობახიძემ.