საზოგადოება
24.05.2024 10:34
საგრანტო პროგრამაში დევნილ და ეკომიგრანტ მეწარმეთა განაცხადები 31 მაისამდე მიიღება

იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო საქმიანობის გაფართოების ან გადაიარაღებისთვის საჭირო ტექნიკას და დანადგარებს შეუსყიდის.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ინვენტარის შეძენა 7500 ლარის ფარგლებში იქნება შესაძლებელი, პროგრამის მიზანს კი დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

„გრანტს, ჯამში, 30-მდე მეწარმე მიიღებს, რომლებსაც მოქმედი ბიზნესი აქვთ და მათი სამეწარმეო საქმიანობა 2024 წლის 1-ელ იანვრამდეა რეგისტრირებული.

პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება და სააგენტოს მიერ დაფინანსებული არაერთი წარმატებული პროექტი არსებობს. მეწარმე დევნილებმა და ეკომიგრანტებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ აღნიშნული შესაძლებლობა, რომ საკუთარი ბიზნესი კიდევ უფრო განავითარონ“, - აცხადებენ საქართველოს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შეეძლებათ შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა; გორი, სამების ქ. N1; რუსთავი,  კოსტავას ქ. N20; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

განაცხადების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

 

კვირის ამბები