საზოგადოება
23.05.2024 12:58
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი პროგრამა იწყება

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტო, ნიდერლანდური გარემოსდაცვითი ორგანიზაციის The Tree Party მხარდაჭერით, გარემოსდაცვით პროგრამას იწყებს.

სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანს ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივ საზოგადოებაში ნარჩენების მართვის კულტურის დანერგვა წარმოადგენს და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეების, განსაკუთრებით, საჯარო სკოლების ეკო კლუბების წევრებისთვის ხორციელდება.

„პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს მე-8 კლასიდან ზემოთ. მონაწილეებისთვის კი ივნისში გაიმართება ტრენინგი თემით: ცირკულარული ეკონომიკა; ნარჩენების მართვა, ორგანიზაცია Green Squads-ისა და Tree Party-ის ტრენერებთან ერთად.

ტრენინგ-კურსის შემდეგ, პროგრამის მონაწილე ახალგაზრდები გამართავენ გარემოს დაცვით აქტივობებს, რისთვისაც მათ სააგენტოს მიერ გადაეცემათ საჭირო მასალები“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა განაცხადის (შეტანის ვადა 31 მაისი) ფორმა უნდა შეავსოს გორის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსებულ ბმულზე.
კვირის ამბები