საქართველოს მთავრობამ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების 2024-2027 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც სოფლის მეურნეობის პოტენციალის ათვისებას და არსებული გამოწვევების დაძლევას ითვალისწინებს.
სამოქმედო გეგმა 3 ძირითად ამოცანას ისახავს მიზნად:
კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების ხელშეწყობა, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს ფერმერთა ცნობიერების ამაღლებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას და ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს სოფლად და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული პირებისთვის, როგორიცაა: ბაზრის დივერსიფიკაცია, ფერმერთა/მეწარმეთა ბაზარზე ინტეგრაცია, სამელიორაციო სისტემების გაუმჯობესება, სოფლად ინფრასტრუქტურის განვითარება და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა;
ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია, რომელიც მოიცავს გარემოსდაცვითი მიმართულების ისეთ უმნიშვნელოვანეს ამოცანებს, როგორიცაა: ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ტყის რესურსების მდგრადი გამოყენება, ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა;
სურსათის/ცხოველის კვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტიანი სისტემების ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს: ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის დაახლოებას, ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის მიწოდებული პროდუქციის შესაბამისობის უზრუნველყოფას სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სტანდარტებთან, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებას და სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფას.
ცნობისთვის, აღნიშნული დოკუმენტი სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ნაწილია და 2024-2027 წლის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს.
მის განხორციელებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროები არიან პასუხისმგებლები.