აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა ევროპულ კავშირს (UEHJ) შეუერთდა, - ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“ აღმასრულებელთა ევროპულ კავშირში (UEHJ) ამ ეტაპისთვის დამკვირვებლის სტატუსით იქნება წარდგენილი, ხოლო საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შემდეგ, კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება.
„აღნიშნული საერთაშორისო ასოციაციის წევრობა აღსრულების ეროვნულ ბიუროს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის და ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ კონფერენციებში, ტრენინგებსა თუ სემინარებში.
საქართველოსთვის აღმასრულებელთა ევროპულ კავშირში გაერთიანება ბრაზილიაში, ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში გამართულ აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის კონგრესზე გადაწყდა, სადაც 50-მდე ქვეყნის 600 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
კონგრესზე, ასევე, ისაუბრეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და აღსრულების ეროვნული ბიუროს პრიორიტეტებზე, მათ შორის, ციფრულ განვითარებაზე, რისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების გაძლიერება და კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.