საზოგადოება
22.05.2024 10:32
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 22 მაისს, ნიკოლოზობას აღნიშნავს.

მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი წმიდა ნიკოლოზი მართლმადიდებელი, კათოლიკური, ანგლიკანური და ლუთერანული ეკლესიის წმინდანია. მისი ხსენების დღეს ეკლესია წელიწადში ორჯერ - 22 მაისს (მისი წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღე) და 19 დეკემბერს (გარდაცვალების დღეს) აღნიშნავს.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. სასწაულმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა ჩვილობიდანვე გამოამჟღავნა - ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა. დედის რძესაც ოთხშაბათობით და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს იღებდა. წმინდანმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და ღრმად მოხუცებული მიიცვალა.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მას ქართული ეკლესია შეავედრა. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელთმთავარს შეწევნისთვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.

კვირის ამბები