გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლას 100 წელი შეუსრულდა. იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა.
სკოლის დირექტორმა ლანა ფერაძემ დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და იმ გზაზე ისაუბრა, რაც სკოლამ საუკუნის მანძილზე გაიარა.
სკრაში პირველად საგანმანათლებლო დაწესებულება 1923 (24) წელს გაიხსნა და დაწყებით საფეხურს მოიცავდა, 1930 წლიდან სწავლება რვაწლიანი გახდა, ხოლო 1965 წლიდან უკვე საშუალო სკოლაა.
სკოლის პირველი დირექტორი ივანე ტოგონიძე იყო, შემდეგ - ლუსიანე უბილავა, ქეთევან ტალახაძე, ედვარდ თარხნიშვილი, ასმათ კურტანიძე. ახლა კი სკოლას ლანა ფერაძე ხელმძღვანელობს.
დღესდღეობით სკოლაში 225 მოსწავლე ირიცხება, რაც შეეხება პერსონალს, 2 მენტორი, 10 წამყვანი, 10 უფროსის სტატუსის მქონე, 2 სპეც. მასწავლებელი და ექთანია დასაქმებული. ამასთან, ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების, წიგნიერების, მეწარმეობის, უცხოური ენების მოყვარულთა და ეკო კლუბები. სკოლა თანამშრომლობს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბეთლემთან“, „ბილიკთან“, სხვადასხვა სკოლასთან, ჩართულები არიან USAID-ის სამოქალაქო განათლების და დაწყებითი საფეხურის პროგრამაში. ფუნქციონირებს კვების ბლოკი, ცეკვის წრე.
„ბედნიერი ვარ, რომ უდიდესი ისტორიის მქონე სკოლას ვხელმძღვანელობ. დიდი პატივისცემა და მადლიერება მინდა გამოვხატო ყოფილი დირექტორების მიმართ, რადგან შესანიშნავი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს. არ ჩამორჩნენ რეფორმებს, სიახლეებს და სკოლას ღირსეული სახელი შესძინეს. ამის დასტურია უამრავი წარჩინებული კურსდამთავრებული, რომელთა სრულად ჩამოთვლაც შეუძლებელია, თუმცა, აღსანიშნავია გამოჩენილი სპორტსმენები, საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე ძიუდოისტები: თემურ ხუბულური (ოლიმპიური და ევროპის ორგზის ჩემპიონი); აწ გარდაცვლილი კობა კურტანიძე (ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი); გურამ გასიტაშვილი (ახალგაზრდა, წარმატებული ძიუდოისტი) და მომავალი ვარსკვლავი - ლუკა დათაშვილი (საქართველოს ჩემპიონი). ასევე, ვამაყობთ წარჩინებული კურსდამთავრებულებით, რომლებიც მედიცინის, კულტურის, სოფლის მეურნეობის სფეროში, პედაგოგიკასა თუ პოლიტიკაში მოღვაწეობენ. დღესაც ჩვენი სასკოლო საზოგადოება ჩართულია უამრავ აქტივობაში, რაც დადასტურდა 2023 წლის დეკემბერში სკოლის ავტორიზაციით ყოველგვარი მონიტორინგის გარეშე“, - აღნიშნა ლანა ფერაძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით სკოლას იუბილე მიულოცა გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა ნინო ბერიანიძემ და სიმბოლური საჩუქარი, წიგნი-ენციკლოპედია გადასცა:
„ამ თარიღის უკან ნამდვილად დგას სკოლის დიდი ისტორია, ტრადიციები, რასაც მოწმობს ამ სკოლის კედლებში აღზრდილი ადამიანების წარმატება. ვფიქრობ, რომ სკოლას დღესაც აქვს ყველანაირი რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე, ინფრასტრუქტურული, რომ იყოს ერთ-ერთი საუკეთესო. აღსანიშნავია, რომ სკოლა ჩართულია სხვადასხვა პროექტში და აქტიურად მონაწილეობს როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით.
ვისარგებლებ შემთხვევით და სკოლის დამთავრებას ვულოცავ მეთორმეტე კლასელებს და ბედნიერ, წარმატებულ მომავალს ვუსურვებ“, - აღნიშნა ნინო ბერიანიძემ.
სკოლას იუბილე და მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს გორის მერიის წარმომადგენელმა სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში ილია ოქროშიაშვილმა და გორის საკრებულოს სკრის მაჟორიტარმა დეპუტატმა მანუჩარ ლაფაჩმა.
საზეიმო ღონისძიება მეთორმეტე კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარით“ დასრულდა. ახალგაზრდებმა დამრიგებელთან მაია ოქროშიაშვილთან და დაწყებითი კლასის ხელმძღვანელთან ლელა გოგინაშვილთან ერთად გატარებული წლები გაიხსენეს. სკოლასთან არსებულმა ანსამბლმა - „როკვა“ მაყურებელს ქორეოგრაფიული ნომრები შესთავაზა.
ღონისძიების ბოლოს, საუკუნოვანი თარიღის აღსანიშნავად, სკრის საჯარო სკოლაში ვარსკვლავი გაიხსნა.