იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო საქმიანობის გაფართოების ან გადაიარაღებისთვის საჭირო ტექნიკას და დანადგარებს შეუსყიდის.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ინვენტარის შეძენა 7500 ლარის ფარგლებში მოხდება და პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს.
„გრანტს, ჯამში, 30-მდე მეწარმე მიიღებს, რომლებსაც მოქმედი ბიზნესი აქვთ და მათი სამეწარმეო საქმიანობა 2024 წლის 1-ელ იანვრამდეა რეგისტრირებული.
პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება და სააგენტოს მიერ დაფინანსებული არაერთი წარმატებული პროექტი არსებობს. მეწარმე დევნილებმა და ეკომიგრანტებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ აღნიშნული შესაძლებლობა, რომ საკუთარი ბიზნესი კიდევ უფრო განავითარონ“, - აცხადებენ საქართველოს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.