საზოგადოება
07.05.2024 19:20
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2000 ლარს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები კი 1000 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით 2000 ლარს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები კი 1000 ლარს მიიღებენ.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (თბილისის გარდა), ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე.

რაც შეეხება დედაქალაქს, მთავრობის განკარგულებით, თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფა ეთხოვა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას.

აღნიშნულ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

კვირის ამბები