სოფელ ტინისხიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, მცირეწლოვანი ბავშვი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ტინისხიდის სასაფლაოზე შუადღით მოხდა. როდესაც მოსახლეობა გარდაცვლილი ნათესავების საფლავებზე იყო გასული, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, ავტომანქანა დაგორდა და ქვეით დედა-შვილს დაეჯახა.
დაშავებული დედა-შვილი გორში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების უფროსის ინფორმაციით, 31 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს, გარდაიცვალა, დაშავებული 6 წლის გოგონას კი, გადაუდებელი დახმარება გაეწია და გადაყვანილია თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
,,გორის მაცნეს" ინფორმაციით, დედა-შვილი გორში, კომბინატის დასახლების მცხოვრებია.