საზოგადოება
02.05.2024 21:12
7 მაისს გორში ოქონობა აღინიშნება

აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ტრადიციულად, გორში „ოქონობა“ აღინიშნება. 
სადღესასწაულო წირვა ოქონის ტაძარში 9:00 საათზე დაიწყება. წირვის დასრულების შემდეგ კი, სასულიერო პირებისა და მრევლის მონაწილეობით, ქალაქის ქუჩებში ტრადიციული მსვლელობა გაიმართება.

7 მაისს 17 საათზე კი გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი ,,მღვდელმოწამე გიორგი ფერაძე“, ასევე, თეატრში დაგეგმილ ღონისძიებაზე საზოგადოების წინაშე წარსდგებიან: გორის სალოტბარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი, ანსამბლი ,,რიხი“ და ანსამბლი ,,გორი:.

ოქონის ტრიპტიკონი მე-12 საუკუნიდან გორის მფარველ ხატად ითვლება. სპილოს ძვლისგან დამზადებულ და ვერცხლით მოჭედილ ხატზე ღვთისმშობელი, იესო და იოანე ნათლისმცემელია გამოსახული. ხატი ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშია და მე-10 საუკუნის მიწურულით თარიღდება.
ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ცხინვალის მუზეუმიდან ხატი დაიკარგა და 2001 წელს, ჟენევაში, კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს.
2004 წელს, ოქონის ტრიპტიკონი საქართველოს დაუბრუნდა და ის ამჟამად თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
ოქონობის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია ატენისა და გორის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა.

ცნობისთვის, გორის ოქონის საკათედრო ტაძარი, რომელიც ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს, კომუნისტურ პერიოდში ააფეთქეს და მის ადგილზე კამოს სახელით ცნობილი ბოლშევიკის, იგივე სიმონ ტერ-პეტროსიანის ძეგლი დადგეს. ოქონის ტაძარი რამდენიმე წლის წინ აღდგა და ამჟამად დასრულების პროცესშია.

კვირის ამბები